გიგი უგულავა

გიგი უგულავა გაათავისუფლეს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო. გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო. უგულავას წინასწარი პატიმრობა 7 ნოემბრის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული.

სასამართლოში სხდომა დღეს, 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, პროკურორების დაგვიანების გამო, ერთი საათით გვიან დაიწყო.

პროკურორებმა სხდომაზე ხუთი შუამდგომლობა დააყენეს - მოითხოვეს "გონივრული დრო" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად - რომელიც დაკმაყოფილდა; შემდეგ კვლავ მოითხოვეს დამატებითი დრო, თუმცა, მოსამართლემ აღარ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ არც დანარჩენი სამი შუამდგომლობა დააკმაყოფილა - პროკურორებმა მოითხოვეს სათადარიგო მოსამართლის აცილება; მოითხოვეს 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღეს გადმოწევის განჩინება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება; ასევე მოითხოვეს საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე მიმდინარეობს, რომელიც ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ამ საქმეზე დღევანდელი პროცესი, ადვოკატების მოთხოვნით, ხვალისთვის გადაიდო. 

კომენტარები