თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავას საქმეზე სათადარიგო მოსამართლის აცილების შესახებ. პროკურორები აცხადებდნენ, რომ საქმის მოსამართლე სტრასბურგში იმყოფება, ხოლო სათადარიგო მოსამართლე სხდომებს არ ესწრებოდა, საქმეში ჩართული არ იყო და ამიტომ, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ აქვს. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ეს არგუმენტი.
პროკურატურის განცხადებითვე, 7 ნოემბრის საქმეზე [სწორედ ამ საქმეზე შეუფარდეს უგულავას მეორედ წინასწარი პატიმრობა] სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს იყო ჩანიშნული. მათ სხდომის გადმოწევის განჩინება მოითხოვეს, რაზეც ასევე უარი მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე ჩანიშნული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.





