სავალუტო კრიზისი

ლარი დოლართან ერთი თეთრით, ევროსთან კი სამი თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 2015 წლის ლარის გაუფასურების ახალი მაქსიმალური ნიშნული დაფიქსირდა - ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.44 გახდა. აქამდე 2015 წლის ლარის გაუფასურების მაქსიმუმი 16 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.43 ღირდა. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში მისი ღირებულება საშუალოდ 3-10 თეთრით მეტია. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 3.4 თეთრით გაუფასურდა, ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.7634 ლარი გახდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღესვე კომენტარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც გააკეთა. ბაქრაძის თქმით, ლარის უკანასკნელი გაუფასურება გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, ლარის გამყარებისთვის მთავარი კი ამ მოლოდინების შემცირებაა. ბაქრაძე ამ დროისთვის ინტერვენციების განხორციელებას მხარს არ უჭერს, იქამდე, სანამ ლართან დაკავშირებული უარყოფითი მოლოდინები არ გამოსწორდება. ბაქრაძე ასევე ამბობს, რომ უმრავლესობამ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკიდან გამოყო, თუმცა ამას ლარის კურსზე არანაირი დადებითი გავლენა არ მოუხდენია. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები