რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

საგარეო უწყება: ვგმობთ მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ხასიათის ქმედებები". საგარეო უწყება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარების შეყვანას ეხმაურება. რუსეთი ჯარების შეყვანას ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებით ხსნის.

"ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა, რაც შემდგომში ეფექტურად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას და კატეგორიულად მოითხოვს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

კომენტარები