ნედელეული

ნავთობის ფასმა ექვსი წლის მინიმუმს მიაღწია

Sofia Ordonez / CNN

დღეს, 20 აგვისტოს, საერთაშორისო ბირჟაზე ნედლი ნავთობის (WTI)-ის ფასი ბარელზე $40.2 დაფიქსირდა, რაც გასული ექვსი წლის მინიმალურ ფასს წარმოადგენს. მინიმალური ფასი ნავთობის სხვა სტანდარტებშიც აღინიშნა, ბირჟებზე Brent-ის ღირებულებამ $46-ს შეადგინა. ნედლ ნავთობზე $40.2-ზე დაბალი ფასი ბოლოს 2009 წლის მარტში იყო.

გასული კვირის მანძილზე, ამერიკის ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ნავთობის მიწოდება 2.6 მილიონი ბარელით გაიზარდა, რაც ფასების შემცირების მიზეზი გახდა. ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ, რაც ბარელი ნავთობი $40 გახდა, მისი ფასის არც $30-მდე შემცირებაა გამორიცხული. ნავთობის ფასების კლების მიუხედავად, მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რაც ფასების შემცირების კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს.

Bloomberg-ის ცნობით, ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი მსხვილი მწარმოებლების, როგორიცაა: OPEC-ი, აშშ და რუსეთი, დაპირისპირებაა უფრო დიდი საბაზრო წილის მოსაპოვებლად. ამ დროისთვის ყველაზე მეტ ნავთობს საუდის არაბეთი მოიპოვებს და მას საკუთარი ეკონომიკისთვის ნაკლებად მოგებიან ფასად ყიდის. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი პირველ რიგში ამერიკული ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის ჩაძირვაა, რადგანაც ამ მეთოდით ნავთობის მოპოვება აშშ-ში საშუალოდ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იაფი არაბული ნავთობის მოპოვება. დაბალი ფასების პირობებში კი ინვესტორებს ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების ინიციატივა შეუმცირდებათ და აშშ-ში მოპოვება შემცირდება, რასაც ნავთობის გაძვირება მოჰყვება. აგვისტოში ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია სპარსეთის ყურის კიდევ ერთი მწარმოებლის - ერაყის მოპოვებამაც. ქვეყანა დღეში 4 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, საიდანაც 500 ათასი ექსპორტზე გადის, დიდი ნაწილი კი მარაგდება. 

ფასების შემცირების კიდევ ერთი მიზეზი ირანული ნავთობია, რომელიც უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე უფრო დიდ წილს დაიკავებს, რის გამოც ფასები კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს. ირანი OPEC-ის გადაწყვეტილებას მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგებოდა, რადგანაც ირანული ნავთობის მოპოვება არაბ მწარმოებლებთან შედარებით უფრო ძვირია. OPEC-მა კი ფასები სწორედ ირანის შემოსვლამდე დასწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანსაც ნავთობის გაყიდვა ნაკლებად მოგებიან ფასად მოუწევს. 

ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგალითად, რუსეთში, ირანსა და ვენესუელაში მისი მოპოვება შედარებით უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე საუდის არაბეთსა და ქუვეითში. ნავთობის ძვირადღირებული მომპოვებლებისთვის ფასების შემცირება საბიუჯეტო პრობლემებსა და ფინანსურ კრიზისს ნიშნავს. საბიუჯეტო შემოდინებების შემცირების გამო ვენესუელაში ფინანსური კრიზისი გაღრმავდა, ვენესუელის ინფლაციამ წელს უკვე 500%-ს გადააჭარბა, რაც სრულ ფინანსურ კრახს წარმოადგენს.

ნავთობზე ფასების კლება მსოფლიოს 1 მილიარდი ავტომფლობელისთვის კარგი სიახლეა, უკვე შემცირებულია ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები.

საქართველო ნედლი ნავთობის ფასზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის, რადგანაც ქვეყანაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ აისახება. 

კომენტარები