ეროვნული ბანკი

პრემიერი ეროვნულ ბანკზე: პრეზიდენტი ხელოვნურ აჟიოტაჟს და ჟრიამულს შეუერთდა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით, "აჟიოტაჟი ხელოვნურად არის ატეხილი". პრემიერი პრეზიდენტის მხრიდან კანონპროექტზე ვეტოს დადების აუცილებლობას ვერ ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტში გათვალისწინებულია ევროკავშირის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია. 

"კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ხელოვნურად ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟს და ჟრიამულს. ეს არის ხელოვნურად აგორებული რაღაც კამპანია, რომელიც, რა თქმა უნდა, აზიანებს ბიზნესგარემოს საქართველოში. ამ ადამიანებს არ ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები. ასევე არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 14:30-ზე, პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება.

 

კომენტარები