საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად განსახილველად მიიღო. საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავებს.
სასამართლო სარჩელის რამდენიმე ძირითად მუხლზე იმსჯელებს, მათ შორის - წინასწარი პატიმრობის 9-თვიან ვადაზე. მოსარჩელე მხარე ითხოვს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გარკვეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული ნორმები პირის წინასწარ პატიმრობაში უვადოდ ყოფნის რისკებს ქმნის ისე, რომ მის მიმართ არ იყოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
"მოსარჩელე ასევე, პრობლემურად მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია პატიმრობის შეფარდებისთვის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. მოსარჩელე თვლის, რომ ეს სტანდარტი არ არის საკმარისი კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დასაცავად. მოსარჩელისთვის ასევე, პრობლემურია ის გარემოება, რომ მისი აზრით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს. მისი აზრით ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებს აქვს შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციურ დებულებებთან და სასამართლო საქმეს განიხილავს არსებითად", - განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა ლევან მაისურაძემ.
გიგი უგულავას პატიმრობის ცხრა თვიანი ვადა ორ აპრილს ამოეწურა.





