სტიქია თბილისში

მერია: ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს

ვერეს ხეობის შესწავლასა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის აღდგენასთან დაკავშირებით, გუშინ, თბილისის მერიაში, უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მონაწილეებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ წინადადებები წარუდგინეს. თბილისის მერიის ცნობით, კომისიის წევრები შეჯერდნენ, რომ ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს.

„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მდინარე ვერე რაც შეიძლება, უნდა გათავისუფლდეს იმ გვირაბებისგან, სადაც ის მიედინება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვირაბს აღარ გავაკეთებთ, ხიდის კონსტრუქციაზე ვიმუშავებთ და ძირითადი საინჟინრო გადაწყვეტილება ამაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ სპეციალისტები მდინარე ვერეს ხეობას საწყისი წერტილიდან შეისწავლიან და კვლევას ჩაატარებენ. პარალელურ რეჟიმში აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთი.

„გზის აღდგენა უნდა მოვახერხოთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, რათა მოძრაობა გაიხსნას. პარალელურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. გაკეთდება ტრანსპორტისა და მარშრუტების სქემა, რათა ამ კვლევაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი მდინარე ვერეზე დამცავი დამბის გაკეთება და წყლის ნაკადების და მოცულობის რეგულირება იყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, გადაწყვეტილებების რეალიზაცია დღეიდან დაიწყება და შესაბამისი სამსახურები დავალებებს მიიღებენ.

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება.

 

კომენტარები