სტიქია თბილისში

დღეიდან მოხალისეებს სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ

ტაბულა

დღეიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ. კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოხალისეებმა უპრეცედენტო ჩართულობა გამოავლინეს და დიდი დახმარება გაუწიეს ქალაქს. 

"სტიქიის შემდეგ გასულია რამდენიმე დღე. ბევრ უბანზე დამდგარია წყალი, ტერიტორიაზე კიდევ რჩება დაღუპულ ცხოველთა ნეშთები, მომატებულია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები, ეპიდემიის ან ინფექციის გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებით, გუშინ რამდენიმე მოხალისეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, მაღალი ტემპერატურის გამო, რამდენიმემ კი მიიღო მსუბუქი დაზიანება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, რისკების ნულამდე დაყვანის მიზნით, დღეიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები "წითელ ჯვართან', რომელიც მოხალისეებს ჩართავს და გაუწევს მათ კოორდინაციას დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად", - განაცხადა ღიბრაძემ. 

ამასთან, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ეტაპობრივად ჩანაცვლების გეგმის შემუშავება გუშინ დაავალა. მისი თქმით, მოხალისეებმა სულ სხვა მუხტი შექმნეს, თუმცა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს მოვალეობაა.

"მინდა გავიაროთ მოხალისეებთან დაკავშირებული თემა. ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ მათი ჩანაცვლება, რადგან რისკები მატულობს და ახალგაზრდებზე ძალიან ვნერვიულობ – სიცხეებია, სამუშაო კი მძიმეა. 5 დღე ძალიან მაგრად იმუშავეს მოხალისეებმა, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა, თუმცა იქნებ გავაკეთოთ მათი გამოყვანის და უფრო მსუბუქ ობიექტებზე გადაყვანის გეგმა", - თქვა პრემიერმინისტრმა. 

ჯანდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სამუშაოები უკვე დაიყო რისკის ზონებად და მოხალისეები მათი ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველ სამუშაოებზე გადანაწილდებიან. 

"პროცესში მოხალისეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პატივია მათთან ერთად მუშაობა, თუმცა უკვე მოვახდინეთ სამუშაოების რისკის ზონებად დაყოფა, გავაკეთეთ კლასიფიკაცია და მათ გადავანაწილებთ სხვა სამუშაოებზე. კერძოდ, ისინი ჩართული იქნებიან მათი ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველ სამუშაოებში", - თქვა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები