საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამ კუთხით, „რეკორდსმენი“ კობა ნაყოფიაა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატს ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა საპატიოდ ეთვლება. დავით უსუფაშვილის შეფასებით კი, "არ მგონია, რომ პარლამენტის წევრები და მათი ოჯახები რამეთი განსხვავდება სხვა საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახებისგან". მისი ინფორმაციით, ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტის პლენარულ სხდომას 60-ზე მეტჯერ არ დასწრებია.
"მე ამოვწერე 10 ყველაზე გამცდენი ჩვენი კოლეგა. 60 და მეტი სხდომა ეს არის სამი სესია, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი", - ამბობს უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული სია ასეთია:
კობა ნაყოფია - 101 გაცდენა;
აზერ სულეიმანოვი - 96 გაცდენა;
რამაზ ნიკოლაიშვილი - 94 გაცდენა;
გოგი ლიპარტელიანი - 93 გაცდენა;
გოდერძი ბუკია - 91 გაცდენა;
დავით ბეჟუაშვილი - 82 გაცდენა;
როლანდ ახალაია - 80 გაცდენა;
ემზელ მკოიანი და ზაზა კედელაშვილი 74-74 გაცდენა;
გიორგი ვაშაძე - 66 გაცდენა.
"ასეთი გაჭირვება თუ აქვს ვინმეს, ან ასეთი სიხარული თუ აქვს 2 წლის განმავლობაში ყოველდღე ოჯახში. მესმის, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს, მაგრამ რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, სიტყვები ზედმეტია. სხდომის გაცდენის ეს საფუძველი უნდა ამოვიღოთ პარლამენტის რეგლამენტიდან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





