ე.წ. კაბელების საქმე

მინაშვილი: ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი მოსამართლეების სამართავად

ტაბულა

ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი მოსამართლეების დასაშინებლად და მოსასყიდად, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მინაშვილის თქმით, დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბარი ზედმეტია მაშინ, როდესაც უამრავ სხვა ფაქტთან ერთად ეუთოს დასკვნაც პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლო გამოყენებულია შერჩევითი მიდგომისათვის კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

"მე მინდა, ბატონ ალასანიას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს არჩევნების შემდეგ, მაშინ როცა ის იყო ჯერ კიდევ ხელისუფლების წევრი, სასამართლო გახდა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ივანიშვილის და ამ ხელისუფლების. მაგალითად, მან განაცხადა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა რიტორიკას არ შეიცვლიდა, პროკურატურასთან რიგები გაგრძელდებოდა. მაშინ როდესაც ხდებოდა მოსამართლეების და მათი თანაშემწეების დაშანტაჟება, იყო ორი ფაქტი, პროკურატურის მხრიდან მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის გაგება - არცერთ ამ მოქმედებაზე გამოძიება არ დაწყებულა. მაშინ როცა ხდებოდა კონკრეტული სახელების დასახელება იუსტიციის მინისტრის მხრიდან დაშინების მიზნით. ეს ყველაფერი გამოხატავს იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ბიძინ ივანიშვილის ხელმძღვანელობით სურს და აქვს ბერკეტი მოსამართლეების როგორც დაშინების, დაშანტაჟების, ასევე მოსყიდვის", - განაცხადა მინაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრის შესახებ საუბრობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ე.წ. კაბელების საქმეზე, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

"ამას ექნება ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა საქართველოში, ზოგადად მართლმსაჯულებაზე. ამას ექნება ისეთი დატვირთვა, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ამ სასამართლო პროცესსაც და ხალხის ნდობას სასამართლოს მიმართ. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ასეთი ქმედებები სასამართლოსთან მიმართებით და მართლმსაჯულებას მისცეს სწორი გზით განვითარების შესაძლებლობა. ეს არის საგანგაშო. მე ვცდილობ, დავადასტურო და მტკიცებულებები მოვიპოვო ამ კუთხით", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

 

კომენტარები