სრულად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავს ქვეყნის პრემიერმინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ვალდებულია, ქვეყნის დამოუკიდებლობას გაუფრთხილდეს. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გამთლიანდება.
"ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ეს ჩვენი წინაპრების უდიდესი მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ყველა ერთად ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. დავიცვათ ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის.
დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. ეს არის ქართული სახელწიფოს განვითარების ერთადერთი სწორი გზა, რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენ მიგვიყვანს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან, ვიდრე - ოდესმე.
ჩვენ ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს, თითოეულ მოქალაქეს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნება ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ერის და ეთნიკური ჯგუფისთვის. მე მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. თუმცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წელს, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე შეძლო.





