კრიზისი უკრაინაში

მინსკში სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ჩატარდა

Sergei Gapon / AFP

მინსკში, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე სამმხრივი კონსულტაციების შედეგად პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა - ეს მოლაპარაკებაზე უკრაინის წარმომადგენელმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა. მისი თქმით, სეპარატისტთა წარმომადგენლების მიდგომა კონსტრუქციული იყო. იმედისმომცემი უწოდა მოლაპარაკებას რუსეთის წარმომადგენელმაც.

მოლაპარაკების შედეგად ექსპერტთა ჯგუფები შეიქმნება, რომელებიც მინსკის შეთანხმების რეალიზაციის მიზნით შემდგომ ნაბიჯებს მოამზადებენ. ეუთოს წარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის განცხადებით, პირველი ასეთი ჯგუფი მუშაობას 19 მაისს შეუდგება.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ კონფრონტაცია კარგს არაფერს მოგვიტანს და კომპრომისი უნდა ვეძებოთ", - განაცხადა კუჩმამ.

ამავ დროს, კიევი სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ისევ ადანაშაულებს. გუშინ საღამოს პრორუსმა მებრძოლებმა ცეცხლი 11-ჯერ გახსნეს, მათ შორის მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცნებიდან. სეპარატისტები საკუთარი ძალების როტაციას ახორციელებენ და წინა ხაზს რუსეთში გაწვრთნილი დაქირავებული მებრძოლებით აძლიერებენ. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა დაადასტურა, რომ დიდი ალბათობით, სეპარატისტები უკრაინაში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან.  

კომენტარები