თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის მიერ მის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უგულავას მოსაზრებით, მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებამ არა მის დამცირებას, არამედ "ჩვენს გაძლიერებას შეუწყო ხელი." უგულავას განცხადებით, ის საკონსტიტუციო სასამართლოს "ვერდიქტს" ელოდება და სასამართლო პროცესებს მხოლოდ ოჯახის სანახავად ან განცხადების გასაკეთებლად დაესწრება.
"გადავწყვიტე, სასამართლო პროცესს არ დავსწრებოდი. მეტიც, ეს განცხადება კვირას, სასამართლო პროესამდე ორი დღით ადრე დავწერე.
როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, ჩემი პრობლემებით და ამ გაუფასურებული სასამართლოებით არ მინდა, ხალხს კიდევ უფრო დავუმძიმო განწყობა. თან, როდესაც გადაწყვეტილება წინასწარ იცი, ნაბახუსევი, ჩაწითლებული თვალებით მოსამართლე მრევლიშვილის ფამილარული გამომეტყველების ხილვის არანაირი სურვილი არ მქონდა. ეს და რამდენიმე მოსამართლე ხომ კახეთიდან ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მიერ სპეციალურად იქნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოყვანილი, რომ ივანიშვილს აამონ და როდესაც სხვა მოსამართლე ხელს არ მოკიდებს აშკარა უკანონობას, მან, მრევლიშვილმა, ან პავლიაშვილმა ზიდონ ივანიშვილის სამართალი.
საერთოდ, სასამართლოების მიერ კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვის მიუხედავად, მე არ ვარ გაბრაზებული არც სასამართლო სისტემაზე და არც რომელიმე კონკრეტულ, ყალბის მქმნელ მოსამართლეზე. პატიმრობაში მე კარგად დავინახე ყველა სიყალბე, რაც კი შეიძლება, დაბეჩავებულმა სასამართლომ ჩაიდინოს. ახლა გაცილებით უკეთ ვიცი, რა და როგორაა შესაცვლელი.
ამასთანავე, დავინახე რამოდენიმე პრინციპული ადამიანი, რაც მაძლევს იმედს, რომ სოდომის და გომორის მსგავსად, საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოში ყველაფერი ნოლიდან არ იქნება დასაწყები. ასე რომ, უბადრუკმა არსებამ დღეს რომ მანტია ეცვა და საქართველოს სახელით ლაპარაკობდა, არც კი იცის, თავისი უკანონო გადაწყვეტილებით, არა ჩემს დამცირებას, არამედ ჩვენს გაძლიერებას შეუწყო ხელი.
თავად მე, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს დაველოდები, ხოლო საერთოდ სასამართლოებს მხოლოდ როგორც ოჯახის ნახვის, ან განცხადების გაკეთების სივრცედ გამოვიყენებ. ვფიქრობე, ეს უკეთესი ფუნქციაა, ვიდრე ის, რადაც ივანიშვილმა სასამართლო აქცია", ამბობს უგულავა განცხადებაში.
მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება. მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების შესახებ.
თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 2 აპრილს ამოეწურა და რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, 14 მარტს, პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა და მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციას, ასევე, ტელეკომპანია იმედის და მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები უგულავას პატიმრობაში დატოვებას ხელისუფლების თვითმიზანს უწოდებენ და ამაში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ევროპარლამენტარების შეფასებით კი, გიგი უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.
ამასთან, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაცვის მხარემ 30 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ადვოკატების განმარტებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა უკვე ამოეწურა და მისი საპატიმროში დატოვებით კონსტიტუცია ირღვევა.





