კრიზისი უკრაინაში

აშშ: რუსეთმა უკრაინაში დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიყვანა

Saul Loeb / AFP

რუსეთმა უკრაინაში დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიყვანა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მერი ჰარფმა განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის აგვისტოს შემდეგ ამ რაოდენობით რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უკრაინაში არ ყოფილა. წვრთნები კი, რომლებსაც სეპარატისტები მართავენ და რომლებშიც რუსული უპილოტო აპარატებიც მონაწილეობს, არ ტოვებს ეჭვებს, რომ რუსეთი ამ ღონისძიებების მონაწილეა. რუსეთი ასევე უკრაინის საზღვრების გასწვრივ საკუთარ სამხედრო დაჯგუფებას აძლიერებს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, სეპარატისტები გამყოფი ხაზის გასწვრივ გააქტიურდნენ და გასულ საღამოს ცეცხლი 30-ჯერ გახსნეს.

მძიმე შეიარაღების გამოყენებით დაიბომბა უკრაინული ძალების პოზიციები დონეცკთან და სოფელ შიროკინოში. უკრაინული წყაროების ცნობით, სეპარატისტებს შეტევის მცდელობა ჰქონდათ ლუგანსკის მახლობლად, ქალაქ სჩასტიეს მიდამოებში. 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება განიხილეს პარიზში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა. პოროშენკომ და ოლანდმა ხაზი გაუსვეს მინსკის შეთახმების შესრულების აუცილებლობას. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საფრანგეთისთვის ლეტალური შეიარაღება არ უთხოვია. ფრანსუა  ოლანდის თქმით კი, იგი არ არის დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანა აუცილებელია. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ვითარებაში საფრანგეთი რუსეთს მისტრალის ტიპის გემებს ვერ გადასცემს და მზადაა, მოსკოვს ზარალი აუნაზღაუროს.

კომენტარები