თბილისის მერი სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს. როგორც დავით ნარმანია აღნიშნავს, თბილისის მერიას არ აქვს სხვა შესაძლებლობა, გარდა იმისა, რომ გამოსახლებული ოჯახები ქირით გაიყვანონ.
"არა გვაქვს ალტერნატიული ფართი", - ასე პასუხობს დავით ნარმანია კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ სთავაზობს მერია მელიქიშვილის N49-დან გამოსახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ალტერნატიულ ფართს.
"ჩვენ თორმეტივე ოჯახს შევთავაზეთ, თუ მათ სხვა შესაძლებლობა არ ექნებათ, ასეთ შემთხვევაში დავაკმაყოფილებთ ბინის ქირით და შესაბამისი რაიონული გამგეობა ამას უზრუნველყოფს. დავალება გამგეობას მივეცით. სხვა შესაძლებლობა ჩვენ, გარდა მათი ქირით გაყვანისა, არა გვაქვს, თუმცა ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, შესაბამისი რაიონული გამგეობა მათ ბინის ქირას გადაუხდის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მეთორმეტე დღეა, თბილისში, მელიქიშვილის ქ. #49-ში მდებარე ობიექტიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახები შენობის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ იმყოფებიან და ქუჩაში ათენებენ ღამეს. უჩა ნანუაშვილი თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანოს მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ნარმანიას, გაითვალისწინოს პრობლემის გადაუდებელი ხასიათი და უსახლკაროდ დარჩენილი პირების გრძელვადიანი და ღირსეული საცხოვრებლით უმოკლეს ვადებში დაკმაყოფილების მიზნით, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება.
"გამოსახლებულ პირებს შორის არიან ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არასრულწლოვანი პირები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. აღნიშნული პირების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დრომდე ქუჩაში რჩება. ქუჩაშია მათი კუთვნილი ავეჯი, შეშის ღუმელი და სხვა მოძრავი ნივთები. მოქალაქეთა განმარტებით, ამ დროისათვის ბინის ქირით არასრულწლოვანი პირებისგან შემდგარი 2 ოჯახი დააკმაყოფილეს. თუმცა, დახმარების მიმღებ პირებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ადგილობრივმა გამგეობამ აღნიშნული ორი ოჯახი (ჯამში 7 ადამიანი) ხელოვნურად გააერთიანა და თავისი ინიციატივით შეურჩია საერთო, 20 კვ.მ ფართის ბინა დასაქირავებლად. დანარჩენ პირებს (10 ოჯახი), მათივე განმარტებით, მხოლოდ 1 თვის ვადით შესთავაზეს ბინის ქირით უზრუნველყოფა, რაზეც უარი განაცხადეს. შედეგად, გამოსახლებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ რჩება, ვინაიდან თავშესაფარი არ გააჩნიათ. ამრიგად, გამოსახლების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ასევე არ არის საკმარისი უსახლკარო პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების დროულად გადასაჭრელად, რაც იწვევს მათი უფლებების დარღვევას", - აცხადებს ომბუდსმენი.





