საჰაერო თავდაცვა

ბესელია ალასანიას განცხადებაზე: ასეთ თემებზე საუბარი გაუმართლებელი და საზიანოა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების შესყიდვაზე საუბარი გაუმართლებლად მიაჩნია. 

"მიმაჩნია გაუმართლებლად და საზიანოდ ასეთ თემებზე საუბარი. გაოცებული ვარ, როგორ მოახერხა ბატონმა ალასანიამ ის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი მისთვის პარტიულმა ინტერესმა და ოპოზიციური სივრციდან საუბრის სურვილმა გადაწონა. არ აქვს გამართლება იმას, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრი საუბრობს იმ თემებზე, რომელიც საჯაროდ საუბრის თემა არ არის", - აცხადებს ბესელია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ საჰაერო შესაძლებლობების შეძენაზე საქართველოს უარი ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ათქმევინეს. ამის გამოსაძიებლად ირაკლი ალასანია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში და როგორ დაიდო საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმი საფრანგეთთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ მემორანდუმით გათვალისწინებულ ექვსი თვის ვადაში, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენაზე შეთანხმება არ გაფორმებულა.

კომენტარები