საჰაერო თავდაცვა

ვაშაძე: თუ პრობლემები არსებობდა, ალასანიას ამაზე ღიად უნდა ესაუბრა

BPN.GE

ძალიან სამწუხაროა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ ვერ შეძლო ეთამაშა თავდაცვის მინისტრის როლი. თუ ეს პრობლემები იყო, მას ღიად და საჯაროდ უნდა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ძალიან კარგი იქნება, გავიგებთ რა და როგორ იყო. თუმცა, მისი თქმით, ჯერ უნდა გავიგოთ, რა კომისიაზეა საუბარი და არსებობდა თუ არა ნამდვილად მოლაპარაკებები საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.

"ფაქტია ის, რომ საქართველოში არის არაფორმალური მმართველობა, არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან კონკრეტულ პოზიციაზე და განსაზღვრავენ სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკას. არაფორმალური მმართველობის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდაპირ მითითებებს აძლევს ყველა სამინისტროს, თუ რა უნდა გააკეთოს", - განაცხადა ვაშაძემ.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჰაერო თავდაცვაზე უარი საქართველოს ივანიშვილმა ათქმევინა.

"თუ გვინდა, ავიცილოთ ომი, დაპირისპირება, ამისთვის ყველაზე დიდი ძალა არის, იყო მზად შენი მშვიდობის დაცვისთვის და ომისთვის. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზირდეს, მას სჭირდება თავდაცვითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი ერთ-ერთი ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე ათქმევინეს უარი საქართველოს ბატონმა ივანიშვილმა და ბატონმა ღარიბაშვილმა. იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს არ ჰქონიათ გულწრფელი სოლიდარობა საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები