საჰაერო თავდაცვა

საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე ალასანია ხვალინდელ ბრიფინგზე ისაუბრებს

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე უხერხულ ვითარებაშია და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის მემორანდუმზე, რომელიც ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საფრანგეთში გააფორმა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, სამწუხაროა, რომ მინისტრი საერთაშორისო ხელშეკრულებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია  საფრნაგეთში დადებული შეთანხმების დეტალების შესახებ ხვალ აპირებს საუბარს.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს, საფრანგეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა მინდია ჯანელიძემ პრემიერმინისტრის სახელით ორჯერ დაურეკა და უთხრა, საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე განზრახულობათა ოქმის ხელმოწერისგან თავი შეეკავებინა. როგორც პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ე.წ. კაბელების საქმეზე მომზადებულ ფილმში ამბობს, აღნიშნული ოქმის ხელმოწერის შესახებ მთავრობა ინფორმირებული იყო და მასზე უსაფრთხოების კაბინეტი წელიწად-ნახევარის განმავლობაში მუშაობდა.

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით კი, მან ირაკლი ალასანიას ნამდვილად დაურეკა პარიზში, თუმცა, საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე განზრახულობათა ოქმზე ხელმოწერის პროცედურის მხოლოდ რამდენიმე დღით გადადება სთხოვა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ჯანელიძე აცხადებდა, რომ საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან "არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს". 30 მარტს ჯანელიძემ უარყო ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში ბოლო ვიზიტის დროს, საფრანგეთში ხელი მოაწერა საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმს და მისი ამოქმედების ვადა 31 მარტს იწურება. 

"არც ყოფილა არასდროს საუბარი ამ ხელშეკრულების დადებაზე. არაფერს არ ეწურება ვადა" - თქვა მინისტრმა.

კომენტარები