ახალი ტექნოლოგიები

ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებელი Google-ის დაჯარიმებას მოითხოვს

P. Seeger / picture-alliance/dpa/

ევროკავშირის ტერიტორიაზე 10-დან 9 ინტერნეტ ძიება Google-ით ხდება, სწორედ ამ ფაქტის გამო 2010 წელს ევროკომისიამ Google-ის საქმიანობის გამოკვლევა დაიწყო. ევროკავშირმა 2014 წელს სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, რომელიც Google-ის დაშლას ითვალისწინებდა. 

ხუთწლიანი გამოძიების შემდეგ ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ Google-ს აქვს აღმატებული საბაზრო ძალაუფლება და ის ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით უნდა რეგულირდებოდეს. ევროკომისიაში Google-ის წინააღმდეგ ინფორმაცია ევროპულმა ინტერნეტ საძიებო საიტებმაც წარადგინეს, მათი შეფასებით, Google-ი მათ წინააღმდეგ კონკურენციის პირობებს არღვევდა.

Google-ის დაჯარიმებისთვის ევროკომისია Microsoft-ის საქმის გამოცდილებას იყენებს. 2012 წელს Microsoft-მა ევროკავშირის სასარგებლოდ $1.8 მილიარდი გადაიხადა, რადგანაც ევროკომისიამ ჩათვალა, რომ კომპანია აღმატებულ საბაზრო ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა.

ევროკავშირი Google-ისგან სავარაუდოდ დაახლოებით $6 მილიარდს მოითხოვს, რაც კომპანიის წლიური მოგების დაახლოებით 10%-ია. ჯარიმასთან ერთად შესაძლოა კომპანიის ქმედებების შემზღუდავი ღონისძიებების გატარებაც მოხდეს. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით ევროპარლამენტი ინტერნეტ საძიებო სისტემების და კონკრეტულად Google-ის საქმიანობას გასული ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდა. 

რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანდრეა შვაბმა Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Google-მა ევროპაში საკუთარი ბაზრის გასაფართოებლად ისეთი გზები გამოიყენა, რომლებიც თავისუფალი კონკურენციის წესებს არღვევდა. რეზოლუციის მხარდამჭერების აზრით კი, ახალ საძიებო კომპანიებს არ ეძლევათ ფართო ბაზარზე გასვლის საშუალება, რადგანაც Google-ს ბაზრის სრული წილი აქვს ათვისებული - რაც თავისუფალი კონკურენციის შესახებ მიღებულ რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. 

Google-ი ევროპარლამენტის განხილვის საგანი 2012 წელსაც გახდა, როდესაც დავიწყების უფლება განიხილებოდა. ხოლო 2014 წლის 13 მაისს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა კერძო პირების შესახებ არსებული ინფორმაცია თავად ამ პირის სურვილის შემთხვევაში საძიებო ველიდან უნდა წაშალოს.

კომენტარები