ერდოღანის კარიკატურა

თურქი კარიკატურისტები რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

Penguen

თურქეთში ყოველკვირეული გაზეთის, "Penguen"-ის კარიკატურისტები, ბაჰადირ ბარუთერი და ოზერ აიდოღანი, ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულებს თავდაპირველად პატიმრობა 11 თვითა და 20 დღით შეუფარდეს, თუმცა სასჯელი მალევე შეცვალეს, თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 2,700 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

კარიკატურისტების წინააღმდეგ სარჩელი გაზეთის აგვისტოს ნომერთან დაკავშირებით შეიტანეს. ნომრის ყდაზე გამოსახულ ერდოღანს საპრეზიდენტო სასახლეში საჯარო მოხელე ხვდება, რომელსაც პრეზიდენტი მიმართავს სიტყვებით: "ჩვენ მინიმუმ შეგვეძლო, ჟურნალისტი მოგვეკლა".

გაზეთის გუნდმა პრესასთან განცხადებაში განმარტა, რომ მოქალაქემ, რომელიც საკუთარ თავს ერდოღანის მხარდამჭერს უწოდებს, პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრს იმეილი გაუგზავნა, სადაც კარიკატურისტებს ერდოღანის შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, ნილს მუიჟნეკსი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სასამართლოს ვერდიქტს მცდარს უწოდებს.

"სასჯელი არასწორია. ის მედიას და სხვა დანარჩენს, ვისაც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება კანონით აქვთ მოპოვებული, შემაშფოთებელ მესიჯს უგზავნის", - განაცხადა მუიჟნეკსიმ.

გაზეთის მესვეურების თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ამასთან, გაზეთმა ახალი კარიკატურა დაბეჭდა, სადაც კარიკატურისტების საქმე ირონიით არის განხილული.

"ჩვენ კარიკატურების ხატვას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს საქმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის ბოლო მაგალითი იქნება", - განაცხადეს გაზეთში.

ცნობისთვის, ყოველკვირეულ სატირულ გაზეთს, რომელიც 2002 წელს დაარსდა, საშუალოდ 65, 000 მკითხველი ჰყავს. შექმნილ კარიკატურებში, ძირითადად, თურქ პოლიტიკოსებს დასცინიან.

კომენტარები