ე.წ. კაბელების საქმე

პეტრიაშვილი: ე.წ. კაბელების საქმეზე ივანიშვილი ზეწოლას ახორციელებს

საქართველოს მთავრობა და მისი დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი პროკურატურაზე ზეწოლას ახორციელებენ, - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ტექნიკურ-ექსპერტული დასკვნის მომზადებაში ჩართულ ავთანდილ გუნთაიშვილზე პროკურატურამ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.

„მართლაც ყოველგვარი ზღვარგადალახული მეთოდებით მოქმედებს პროკურატურა. სამწუხაროდ, ის წარმოადგენს ინსტრუმენტს იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც ეწევა ხელისუფლება და მისი დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი. ავთანდილ გუნთაიშვილზე განხორციელდა ზეწოლა იმ მიზნით, რომ დაცვას შეუსუსტდეს არგუმენტები პირველ აპრილს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უდანაშაულო ადამიანებზე წნეხის განხორციელება, პოლიტიკური ბრძოლის ყოვლად დაუშვებელი და ბინძური მეთოდების გამოყენება განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ

"ეს ბრძოლა განწირულია მარცხისთვის, ეს ხელისუფლება განწირულია კრახისთვის, ხოლო კაბელების საქმე ჩამოშლისთვის", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილმა არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

"მივმართავთ არასამთავრობო სექტორს და მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ, შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ იმ უკანონო ქმედებებსა და ყოველგვარ უმსგავსობაზე, რომელსაც კვლავინდებურად აქვს ადგილი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ავთანდილ გუნთაიშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე საექსპერტო დასკვნას დაცვის მხარის სურვილით ამზადებდა. თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით, გუშინ ღამე ის პროკურატურაში დაიბარეს, რის შემდეგაც მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენაზე უარი განაცხადა.

კომენტარები