თბილისის მერია

ენმ: მერიას პროექტების დაფინანსებაში საკრებულოს მონაწილეობა აღარ სურს

თბილისის მერიას სურს, რომ საკრებულოსთან პროექტების დაფინანსება აღარ შეათანხმოს - ამის შესახებ საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის მთავრობის 17 მარტს მიღებული სპეციალური დადგენილება გაასაჯაროვეს. დადგენილება ბიუჯეტის პროექტიდან მე-20 მუხლის ამოღებას ითვალისწინებს. ამ მუხლის მიხედვით, თბილისის მერია სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას თბილისის საკრებულოს უთანხმებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კანონიდან მე-20 მუხლის ამოღება ხელს შეუწყობს მერიაში კორუფციულ გარგიგებებს. თამაზ შოშიაშვილი და ირაკლი აბესაძე საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ მერიის ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ.

ანალოგიურ პოზიციაზეა გაერთიანებული დემოკრატების თავმჯდომარე ზაზა ვეკუა. მისი თქმით, მერიის ახალ ინიციატივას მხარი საკრებულოს არცერთმა წევრმა არ უნდა დაუჭიროს. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების წევრი გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტის მიღება მერიაში კორუფციას ხელს არ შეუწყობს. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტიდან მე-20 მუხლის ამოღება მერიას ეფექტურ მუშაობაში დაეხმარება. 

საკრებულოს წევრების თქმით, ბიუჯეტის პროექტიდან მე-20 მუხლის ამოღების საკითხს საკრებულო სავარაუდოდ მომავალ კვირაში განიხილავს.

კომენტარები