ტერორიზმი

ტუნისის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა

theguardian.com

ტუნისის პრეზიდენტმა ბეჟი კაიდ ეს სებსიმ მოსახლეობას ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლისკენ მოუწოდა. ბარდოს მუზეუმში ტურისტებზე ტერორისტების გუშინდელი თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. 17 დაღუპული უცხოელი ტურისტია, მათ შორის - ავსტრალიის, ესპანეთის, კოლუმბიის, იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და იაპონიის მოქალაქეები. პოლიციამ ორი თავდამსხმელი ადგილზე მოკლა, მათი შესაძლო თანამზრახველების ძებნა კი გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა ტერორიზმთან ომის მდგომარეობაში იმყოფება და სახელმწიფო ტერორისტებს დაუნდობლად შეებრძოლება. ტუნისის პრემიერმა ჰიბიბ ესიდმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა.

მხარდაჭერა და თანაგრძნობა ტუნისს და დაღუპულთა ახლობლებს მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და ლიდერმა გამოუცხადა.  

"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ტუნისში მუზეუმზე განხორციელებულ თავდასხმას. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ტუნისის ხელისუფლების ოპერატიულ რეაგირებას ძალადობაზე და მის ძალისხმევას წესრიგის აღსადგენად. შეერთებული შტატები დგას ტუნისელი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მისი მთავრობის ძალისხმევას უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ.

ტუნისის დედაქალაქში ტერორიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. ტერაქტის შედეგად ტურიზმი დაზარალდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. ყოველწლიურად ტუნისის კურორტებს 200 ათასამდე ევროპელი სტუმრობს. ქვეყნის ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვს.  

"ეს ჩვენთვის მოულოდნელი დარტყმა იყო, რომელიც სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც პარლამენტი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ კანონზე მსჯელობდა. ისინი თავს ვერ დაესხნენ პარლამენტს და უფრო დაუცველი სამიზნე - მუზეუმი, კულტურა და ტურიზმი აირჩიეს. გვინდა, ჩვენმა მეგობრებმაც გაიგონ, რომ ტერორიზმმა შეიძლება შემდეგი დარტყმა ნებისმიერ ადგილას და დროს განახორციელოს, საფრანგეთიც რამდენიმე კვირის წინ დაზარალდა. ტერორიზმთან ბრძოლაში ერთად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაიებ ბაკუშიმ.

კომენტარები