ლეგალიზაცია

საკანონმდებლო ხარვეზის გამო ირლანდიაში მძიმე ნარკოტიკები დროებით ლეგალურია

businessinsider.com

მომდევნო 24 საათის განმავლობაში ირლანდიაში “ა” ჯგუფის რამდენიმე ნარკოტიკული საშუალება ლეგალური იქნება. ამის მიზეზი ირლანდიის ნარკოტიკების შესახებ კანონში შემთხვევითი ხარვეზი გახდა. ინფორმაციას ირლანდიური და საერთაშორისო პრესა ავრცელებს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 10 მარტს ირლანდიის სააპელაციო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენების შესახებ 1977 წლის აქტი არაკონსტიტუციურად სცნო. გადაწყვეტილება იმ ნარკოტიკებს, რომლებსაც აქტი კრძალავდა, ტექნიკურად ლეგალურს ხდის.

სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს კანონებზე, რომლებიც ძველი ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ჰეროინის, კოკაინისა და კანაფის, შენახვასა და რეალიზაციას არეგულირებს. ის გავლენას მოახდენს დადგენილების იმ ნაწილზე, რომელიც უფრო ახალ, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს არეგულირებდა, რომლებიც 1977 წლის ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შესახებ დადგენილებას მოგვიანებით დაემატა.

ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოში გაუთვალისწინებელ ლეგალიზაციას დაჩქარებული წესით განიხილავენ. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, კანონპროექტი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ამოქმედდეს, რაც მასზე ხელის მოწერიდან ერთი დღე გავა. ეს კი ნიშნავს, რომ ირლანდიაში ისეთი სახის ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა ექსტაზი, კეტამინი, მეტამფეტამინი და ჰალუცინოგენი სოკოები 24 საათის განმავლობაში ლეგალური იქნება.

კომენტარები