საქართველო-NATO

შარაშენიძე: NATO-სთვის რომ მზად ვიყოთ, დალაგებული ქვეყანა უნდა გვქონდეს

თეორემა/ტაბულა

საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის თორნიკე შარაშენიძის მოსაზრებით, NATO-ში გასაწევრიანებლად საქართველო რომ მზად იყოს, ქვეყანა უნდა იყოს "დალაგებული". შარაშენიძე ასევე თვლის, რომ ევროპის ქვეყნებთან რუსეთი უფრო მიბმულია, ვიდრე საქართველო და ამის დასაძლევად მხოლოდ საელჩოების მუშაობა საკმარისი არასდროს იქნება.

"უახლოეს მომავალში რომ ვერ შევალთ NATO-ში, ოლანდის გარეშეც უნდა ვიცოდეთ, თუმცა, ზოგიერთს მაინც გაუკვირდა, ზოგიერთს გაუხარდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, სანამ ოლანდი არის საფრანგეთის პრეზიდენტი, ჩვენ NATO-ში ვერ შევალთ. თუ შევიდოდით 5 წელიწადში, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთში - აქ ყველაფერი შეიძლება, განვითარდეს ძალიან სწრაფად, იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება, მას ძალიან სერიოზული კრიზისი დაუდგეს და ჩვენ ამ დროისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ NATO-ში შევიდეთ.

მზად რომ ვიყოთ, უნდა გვქონდეს დალაგებული ქვეყანა, ასე თუ ისე დალაგებული ეკონომიკა, მე-5 კოლონა მინიმალიზებული და მარგინალიზებული უნდა იყოს, თუმცა, ის ძალიან გააქტიურებულია და ჩვენ ამას ვხედავთ და სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით. ტექნიკური რეფორმები, რომელიც ტარდებოდა და ტარდება თავდაცვის სამინისტროში, ეს გასაგებია ჩვენთვის, გავიარეთ. NATO-სთან შეიარაღებული ძალების თავსებადობას მივაღწიეთ, მაგრამ სხვა ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. 

რაც შეეხება გერმანიის და საფრანგეთის პოზიციას, ეს განპირობებულია არა მხოლოდ დღევანდელი სიტუაციით ევროპაში, არამედ იმითაც, რომ ისინი ტრადიციულად რუსეთის კარგი პარტნიორები არიან მე-19 საუკუნიდან. მიჩვეულები არიან, რომ რუსეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობები, ძალიან მიბმული არიან ერთმანეთზე ეკონომიკურად და კულტურულადაც და ალბათ გერმანელებს და ფრანგებს მიაჩნიათ, რომ რუსები უფრო კარგი ევროპელები არიან, ვიდრე ქართველები. ჩვენ რომ ეს დავძლიოთ, ამისთვის საელჩოს მუშაობა საკმარისი არასდროს იქნება. ჩვენი საელჩო ბერლინში ვერასდროს აჯობებს რუსულ საელჩოს. უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად ჩართვა არა მხოლოდ დიპლომატების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, რომ რაღაცნაირად დააფიქრო ისინი იმაზე, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა", - თქვა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ორი დღის წინ NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისასაღნიშნა, რომ NATO ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს და ალიანსის წევრობის მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვას.

კომენტარები