ბორის ნემცოვის მკვლელობა

პუტინი: ყველა ნიშანია, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა შეკვეთილია

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შსს-სა და გამოძიების ფედერალურ სამსახურს სპეციალური ჯგუფის შექმნა დაავალა ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოსაძიებლად. ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

"პუტინმა აღნიშნა, რომ ამ სასტიკ ქმედებას შეკვეთილი მკვლელობის ყველა ნიშანი აქვს და პროვოკაციული ხასიათისაა", - განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ გამოძიების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა პირად კონტროლზე აიყვანა.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს მოკლული იპოვეს. 55 წლის ბორის ნემცოვს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს ზურგში ოთხჯერ ესროლეს. პოლიტიკოსი ქალბატონთან ერთად სეირნობდა, როდესაც რამდენიმე თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და მას ესროლა.

აღსანიშნავია, რომ როგორც 15 თებერვალს ნემცოვმა sobesednik.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, მას ეშინოდა, რომ პუტინი მოკლავდა.

"ყოველ ჯერზე, როდესაც დედას ვურეკავ, ის მეუბნება: "როდის მორჩები პუტინის ლანძღვას? ის მოგკლავს!," სრულიად სერიოზულად"

ჟურნალისტის შეკითხვაზე - დედასთან მსგავსი საუბრების შემდეგ, ისიც ხომ არ შეიპყრო ასეთმა შიშმა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი პირადად, ან შუამავლის მეშვეობით მოკლავს, ნემცოვმა უპასუხა:

"იცით, დიახ...ოდნავ. ასე ძლიერად არა, როგორც დედას, მაგრამ მაინც.. თუმცა მე მისი არც ისე ძლიერად არ მეშინია. ძალიან რომ მეშინოდეს, ოპოზიციურ მარტიას სათავეში ალბათ არ ჩავუდგებოდი და არც იმით დავკავდებოდი, რასაც ვაკეთებ," - განაცხადა ბორის ნემცოვმა.

კომენტარები