პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერი: გვაქვს იმედი, რომ რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლას მივიღებთ

facebook.com/GaribashviliOfficial

ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროსაბჭოსგან, ევროკომისიისგან, ევროკავშირისგან მტკიცე მხარდაჭერა აქვს, - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მთავრობას აქვს მოტივაცია და ამბიცია, საქართველო რეგიონში წარმატების მაგალითი გახდეს.

"მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ევოკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მთავარი თემა იყო რიგის სამიტი და მოსალოდნელი შედეგები. შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და ამბიცია, რომ საქართველო მართლაც გახდეს წარმატების მაგალითი მთელი რეგიონისთვის. ჩვენი წარმატება იქნება ევროკავშირის წარმატებაც", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არის მოლოდინი, რიგის სამიტზე საქართველომ პოზიტიური შეფასება მიიღოს და მიეცეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

"არ მინდა დავასწრო მოვლენებს, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, წარმატებით დავხურეთ პირველი ფაზა და მალე დავხურავთ მეორე ფაზას. დღეს ასევე მქონდა შეხვედრა ევროპარლამენტში. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევაფასეთ რისკები და მოვისმინე მათი შეფასებები. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მთავარია ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა, კონსოლიდაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რიგის სამიტზე საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. 

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკომისარს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

ფედერიკა მოგერინიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა. მასში ევროკომისარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმება კი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა.

კომენტარები