კრიზისი უკრაინაში

უკრაინა ევროკავშირის სამშვიდობო ძალების შეყვანას ითხოვს

dailystormer.com

უკრაინა გაეროსა და ევროკავშირს ქვეყნის აღმოსავლეთში სამშვიდობო ძალების განლაგების თხოვნით მიმართავს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ მისიის საუკეთესო ფორმატი გაეროს მანდატით ევროკავშირის საპოლიციო ძალების მისიის შექმნა იქნებოდა. პოროშენკოს თქმით, ამის შესახებ იგი მინსკის მოლაპარაკების დროს გერმანიის კანცლერს ესაუბრა. თუმცა, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ამ ინიციატივას საეჭვო უწოდა, რადგან შესაძლოა კიევს მინსკის შეთანხმების შესრულება არ სურს და სხვა სქემებზე ფიქრობს.

უკრაინული ძალების დებალცევოდან გასვლა პრაქტიკულად დასრულებულია. ოპერაციის შტაბის ცნობით, ქალაქი უკრაინული ძალების 90%-მდე დატოვა. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ამ ოპერაციამ გაფანტა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინული დაჯგუფება ალყაში იმყოფებოდა. მისი თქმით, სულ ამ რაიონიდან 3 ათასი სამხედრო და 200 ერთეული ტექნიკა გამოვიდა. პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ძალები სხვა მიმართულებებიდან მოხსნეს და უკრაინული დაჯგუფების ალყაში მოქცევას შეეცადნენ, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღეებში დაღუპულ უკრაინელ სამხედროთა რაოდენობამ 22 შეადგინა, მათ შორის, ჯარების გაყვანისას 6 მებრძოლი დაიღუპა. თუმცა, დამოუკიდებელი უკრაინული წყაროების ცნობით, ქალაქიდან გასვლისას დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურ ციფრებს აღემატება.

"დღეს 13 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ჩამოასვენეს. ცხედრებს ვამზადებთ გასაგზავნად, შემდგომი გამოკვლევისთვის და საჭირო საბუთების შესადგენად", - განაცხადა არტემოვსკის მორგის უფროსმა რუსლან ფედორუკმა. 

უკრაინული წყაროების ინფორმაციით, რუსმა ინტერვენტებმა უკვე დაიკავეს ქალაქი დებალცევო, ასევე ცდილობენ ახალი პოზიციები არტემოვსკის მომართულებით დაიკავონ. უკრაინული ძალები მათი წინსვლის შეჩერებას ცდილობენ. უკრაინის უშიშროების საბჭომ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კანონში ახალი ცვლილებები შეიმუშავა. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინა მოვლენების ყველა სცენარით განვითარებისთვის მზად უნდა იყოს.

კომენტარები