რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მინაშვილი: ქართული ოცნების ხელისუფლება თამაშობს რუსულ თამაშს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებაზე, რომ საქართველოში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების გეგმა არ არსებობს, ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსულ თამაშს თამაშობს.

"მე მგონი, ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამ ხელისუფლების განწყობა არ არის პროდასავლური. ის, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, ღიად მიუთითებს იმაზე, ქართული ოცნების ხელისუფლება თამაშობს რუსულ თამაშს. მთავრობის ლიდერმა, რომელიც რუსეთის მხარე არის საქართველოში, ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ არის დაჩქარებული წესით NATO-ში გაწევრიანება. ის კატასტროფული განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, რომ საქართველოში არ იქნება NATO-ს სამხედრო ბაზა და ინფრასტრუქტურა, პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებზე და პირდაპირ ხაზს უსვამს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს, გააგრძელოს დასავლური გზა, დასავლური კურსი. ეს არის პირდაპირ გამეორება იანუკოვიჩის პოლიტიკის, რომელსაც უკრაინაში ახორციელებდა, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით", - თქვა მინაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, NATO-სთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. როგორც მან აღნიშნა, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. აბაშიძის თქმითვე, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში, დღის წესრიგში არ დგას. აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, "რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს".

კომენტარები