საქართველო-უკრაინა

ჟღენტი: მაიდნიდან მოყოლებული, ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა იყო მავნებლური

ტაბულა

საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტის შეფასებით, "ჩვენი საგარეო პოლიტიკა და ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა მოყოლებული მაიდნიდან, იყო მცდარი და მე ვიტყოდი, მავნებლურიც". როგორც ჟღენტმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ საქართველოს და უკრაინას შორის "ურთიერთობა არის გაციებული". ამასთან, ჟღენტის თქმით, "აქედანვე გამომდინარეობს ის ნეგატიური შედეგები, რაც მივიღეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების კუთხით, დეოკუპაციის თვალსაზრისით". საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩამოშორდა უკრაინის საკითხს.

"რაზეც პირიქით, მთელი ჩვენი რესურსი უნდა დაგვხარჯა, რომ ეს ორი საკითხი გაერთიანებულიყო. რეაქცია მაიდნიდან მოყოლებული იყო საკმაოდ მიუღებელი და გაუგებარი, მახსოვს, იყო ხუმრობაც, რომ ფულსაც კი შევაგროვებდით, ოღონდ მთავრობის რომელიმე წევრი წასულიყო უკრაინაშიო. მაიდნის პერიოდში ვიძახი, ახლა როცა ომი დაიწყო და მას შემდეგ მოყოლებული განცხადებები, ამაზე საუბარიც ზედმეტია... თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ სააკაშვილის და მისი გუნდის წარმომადგენლების უკრაინაში დანიშვნებს არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლება რაღაც სამაგიეროს უხდის ქართულ მხარეს. ეს არის უკრაინული მხარის პრაგმატული გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლებისადმი არანაირი შურისძიების მიზანს არ ემსახურება. მათი კონკრეტული არგუმენტაცია, ამოცანა არის იმ რეფორმების გატარება, რომელიც მათ ესახებათ აუცილებლად და ამაში ხედავენ ამ ქართველი პოლიტიკოსების კონკრეტულ როლს. მთელი ეს ისტერია, რაც ატყდა დანიშვნებთან დაკავშირებით, წამგებიანი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის არამარტო საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, საქართველოშიც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ მაშინ, როცა მართლა სერიოზული პრობლემები გვაქვს ქვეყანაში სოციალ-ეკონომიკური, ლარს რა ემართება და ა.შ., ამ თემაზე აპელირება და ამ თემის გაფეტიშება იყო შიდაპოლიტიკური ტექნოლოგიებითაც საკმაოდ მიუღებელი და არასწორი ნაბიჯი", - განაცხადა ჟღენტმა.

კომენტარები