კრიზისი უკრაინაში

რუსი ინტერვენტები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებენ

რუსი ინტერვენტები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებენ. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში განაცხადეს. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან ტერორისტებმა უკრაინულ ძალებზე იერიში 112-ჯერ მიიტანეს, მათ შორის 88-ჯერ - დებალცევოს მიმართულებაზე. 

უკრაინული შტაბის მონაცემებით, სეპარატისტებმა მიიღეს ბრძანება, დებალცევო ნებისმიერ ფასად აღონ. ბრძოლების გამო ქალაქში ეუთოს დამკვირვებლები ვერ მოხვდნენ. სეპარატისტებმა შეტევაზე გადასვლა მარიუპოლთანაც სცადეს. სოფელ შიროკინოსთან ბრძოლის შედეგად ბატალიონ აზოვის 5 მებრძოლი დაიღუპა.

"მარიუპოლში ახლა სიმშვიდეა. მაგრამ დილით მტერი შეეცადა ნისლის საფარქვეშ სოფელ შიროკინოში შემოსულიყო. სულ მცირე ოთხი ტანკით შემოვიდნენ. დაიწყო პოზიციური ბრძოლები. ბრძოლა გრძელდება", - განაცხადა ბატალიონ აზოვის მეთაურის მოადგილემ ოლეგ ოდოროჟერნკომ.

სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ დებალცევოში მყოფ უკრაინელ სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენა და იარაღის გარეშე ქალაქის დატოვება მოსთხოვა. პარალელურად, სეპარატისტთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმების პირობების გარდა, კიევისგან სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას და ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმას ითხოვენ.

ნატო-ს აქვს იმის მტკიცებულებები, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები იბრძვიან. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსულ გამოცემა კომერსანტს განუცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეუძლებელია, კონფლიქტის ზონაში არსებული ტექნიკის გამოყენება სეპარატისტებმა დამოუკიდებლად, რუსი სამხედროების გარეშე შეძლონ.  

ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კი, ძალაში დღეიდან შევიდა. ახალი პერსონალური შეზღუდვები სულ 19 პირს შეეხო, მათ შორის - რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ანტონოვს, დეპუტატს და მომღერალს იოსებ კობზონს, ასევე სეპარატისტ ლიდერებსა და მეთაურებს. სანქციების ქვეშ მოხვდნენ სეპარატისტული დაჯგუფებები და ორგანიზაციები.

კომენტარები