კრიზისი უკრაინაში

ოლანდი და მერკელი სამშვიდობო გეგმას პუტინთან დღეს განიხილავენ

გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ახალ სამშვიდობო გეგმას მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან განიხილავენ. მანამდე კი, გეგმას კიევში, დახურულ კარს მიღმა უკრაინის პრეზიდენტთან ხუთი საათის განმავლობაში განიხილავდნენ. ლიდერებს რაიმე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მერკელისა და ოლანდის პროექტი სრულიად ახალ წინადადებებს შეიცავს და პუტინის რაიმე წინადადებებს არ ეფუძნება.  

უკრაინული წყაროების ცნობით, ვლადიმირ პუტინი გერმანისა და საფრანგეთის ლიდერებს სამშვიდობო გეგმის უკრაინის გარეშე განხილვას სთავაზობდა. ნიუ იორკ ტაიმსი კი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინი ევროპელ ლიდერებს სთავაზობდა ცინიკურ გეგმას, რომელიც ფაქტობრივად დნესტრისპირეთის ან აფხაზეთის სცენარის გამეორებას ითვალისწინებდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, სამივე ლიდერმა მხარი ცეცხლის შეწყვეტას, მძიმე ტექნიკის გაყვანას, საზღვრის ჩაკეტვას და მძევლების გათავისუფლებას დაუჭირა.

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ მერკელმა და ოლანდმა პუტინისგან გარკვეული წინადადებები მიიღეს და საკუთარი, შემხვედრი წინადადებები მოამზადეს.

"გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ცეცხლის რეალურად შეწყვეტას, ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ქაღალდი რაღაც სიტყვებით, ამას რეალური მოქმედებები უნდა მოჰყვეს", - განაცხადა კერიმ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავს და ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. მისი თქმით, ამერიკა კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ემხრობა, თუმცა ცალმხრივი მშვიდობა არ არსებობს.

"დაძაბულობის ზრდა, რასაც ახლა ვხედავთ, სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია. ამიტომ პრეზიდენტი ყველა ვარიანტს განიხილავს. ამ ვარიანტებს შორისაა უკრაინისთვის დახმარება თავდაცვის საკითხებში. ამაზე მსჯელობა გრძელდება და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ოლანდისა და მერკელის მოლაპარაკება ვლადიმირ პუტინთან დღეს დღის მეორე ნახევარში არის დაგეგმილი.

კომენტარები