თეორემა

ივანიშვილის "ჭარბი ნდობა" და მოსახლეობის "კაპიტალდაბანდებები"

"მოსახლეობა უნდა გაერკვეს სად დააბანდონ თავიანთი კაპიტალი, დოლარში, ლარში თუ ევროში. თუ არ ერკვევა, უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი და რჩევა მიიღოს. ბიზნესმენებიც ძალიან ბევრი ვერ ახერხებს სწორად გამოიცნოს სად გადაიტანოს თავისი ქონება, დოლარში, ლარში, თუ ევროში." - ასეთი რჩევა გაგვიზიარა არაერთი მილიარდი ევროს პატრონმა და ქვეყნის დე ფაქტო მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა იმედის ეთერიდან.

მანამდე, სანამ საქართველოში მცხოვრები 690 000 პენსიონერი გაერკვევა რომელ ვალუტაში დააბანდოს თავისი 150 ლარიანი პენსია, ან თუ ვერ გაერკვევა, სპეციალისტს დაიქირავებს, გეტყვით, რომ საქართველოს ბანკებში მილიარდ სამასი მილიონი ლარია ანაბრებად გათავსებული. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს - შეცდომით. ლარის მეანაბრებმა ვერ გამოიცნეს სწორად რომელ ვალუტაში განეთავსებინათ თავიანთი ქონება და ხელში გაუფასურებული ლარი შერჩათ.

თეორემას სტუმრებთან ერთად განვიხილავთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ლარის მეანაბრეები გაითვალისწინებენ ბიძინა ივანიშვილის რჩევას და ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურების შიშით, ანაბრების დოლარზე გადახურდავებას დაიწყებენ.

საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე ამტკიცებს, რომ ლარის გაუფასურება მოგონილი პრობლემაა, ის მოსახლობას ტვირთად არ აწვება. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობად არ განიხილავს იმ 600 ათას ადამიანს, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს, შემოსავალი კი ლარში, რომელიც ყოველდღე უფასურდება. ირკვევა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი არც იმ ხალხს აღიქამს მოსახლეობად, რომელსაც ლარის გაუფასურების გამო გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა უწევს.

კიდევ ერთი "სიურპრიზი" რის შესახებაც დღეს, ივანიშვილის ყოფილი პირადი თანაშემწისგან, ბატონი ღარიბაშვილისგან შევიტყვეთ ისაა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მესამე, ანუ 2015 წელი, რომელიც ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო და მოსახლეობის ჯიბეს დადებითად დატყობოდა, არცთუ დალხენილი იქნება.

დალხენილად არც თავად ღარიბაშვილი გამოიყურება - თუმცა არა ფინანსური, არამედ სულ სხვა პრობლემის გამო. გუშინ ივანიშვილმა ის საჯაროდ გაკიცხა და მიზეზად მისი ნათესავები და დაცვა დაასახელა. თუმცა სულ რაღაც ორი წლის წინ ამტკიცებდა, რომ ნეპოტიზმი ჩვენი ეროვნული თვისებაა და ამას უნდა შევეგუოთ.

საქათველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მართვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, მაგრამ შეუძლებელია ფიცის ბოლომ არ გაგვაკვირვოს, როცა იქვე ამბობს, რომ მის სიტყვას სხვაზე მეტი წონა აქვს, მთავრობის წევრები ამას გრძნობენ და ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან.

აქამდე თუ ის ვიცოდით, რომ ნიცშეს შეეჭიდა და წიგნს წერს, სადაც ფილოსოფოსი უნდა გააკრიტიკოს, გუშინ ისიც შევიტყვეთ, რომ ფილმის პროდუსერობას აპირებს სახელწოდებით 9+1. ფილმი ნაციონალურ მოძრაობაზე იქნება და ის შესაძლოა გოგა ხაინდრავამ გადაიღოს.

დღევანდელ თეორემაში ივანიშვილის ინტერვიუს მიმოვიხილავთ და შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას, თუ საით მიდის ჩვენი ქვეყანა, რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრული მილიარდერის მმართველობის პირობებში. თავად ივანიშვილის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, მთავრობა ძალიან ეფექტურია და ყველა პრობლემას ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი ორი იგონებს."

სტუმრები: პავლე კუბლაშვილი, გია ჯაფარიძე, ირაკლი ლექვინაძე, გიგა ბედინეიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარები