ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

პაპის შემდეგ თავისუფლების ორდენი ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა მიიღო

მიღება ბეთელის ცენტრში
facebook.com/pages/Evangelical-Baptist-Church-of-georgia

გასულ კვირაში, მეუფე მალხაზ სონღულაშვილი, თბილელი ეპისკოპოსი და მშვიდობის კათედრალური ტაძრის წინამძღოლი დაჯილდოვდა შაბაზ ბჰათის თავისუფლების ორდენით, "მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისთვის მშვიდობის შენებისა და რელიგიათა შორის ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში".

დაჯილდოების ცერემონია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში შედგა. ჯილდო მას გერმანიის მთავრობის მინისტრმა, ჰერმან გროჰემ გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე გერმანელმა მინისტრმა განაცხადა: "მეუფე მალხაზ სონღულაშვილის წვლილი მშვიდობის ხიდების მშენებლობის საქმეში ძალიან დასაფასებელია. ამ თვალსაზრისით იგი ნამდვილი 'პონტიფექსია' ანუ ხიდის მშენებელი. ჩვენ ყველანი ვუსურვებთ მას წარმატებას ამ დიდი მისიის შესრულებაში". ცერემონიას ბერლინში ესწრებოდნენ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიპლომატიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები.

თავისუფლების პირველი ორდენი შაჰბეზ ბჰათის სიკვდილის შემდეგ (2011) მიენიჭა, მეორე ორდენი - დოქტორ ჰანი ჰანას, ეგვიპტის სიძველეების მთავარ მცველსა და "არაბული გაზაფხულის" მონაწილეს (ეგვიპტე - 2012), მესამე ორდენი - ანგ სან სუუ ჩის, ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში (ბირმა - 2013), მეოთხე - რომის პაპ ფრანცისკეს (ვატიკანი - 2014), მეხუთე - მალხაზ სონღულაშვილს (საქართველო - 2015).

შაბაზ ბჰათი 21-ე საუკუნის რომის კათოლიკე მოწამე იყო თავისუფლებისა და უმცირესობის უფლებებისათვის.

გუშინ, 15 იანვარს, მეუფე მალხაზ სონღულაშვილის დაჯილდოების აღსანიშნავად მიღება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ეპისკოპოსის მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები, მრევლისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თავის გამოსვლაში რიჩარდ ნორლანდმა მეუფეს ჯილდო მიულოცა და განაცხადა:

"მე ვულოცავ ჩემს მეგობარს, მეუფე მალხაზს, ამ მაღალ ჯილდოს და ასევე იმათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იგი იმსახურებს ამას იმ საქმისთვის, რომელსაც იგი ეწევა, იქნება ეს მუსლიმების რელიგიური უფლებისა თუ ლგბტ უფლებების დაცვა..."

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მალხაზ სონღულაშვილს წერილით მიულოცა. "ესოდენ მაღალი პატივი თქვენ მართლაც დაიმსახურებულად გერგოთ იმ წვლილისათვის, რომელიც ჩვენსა ქვეყანასა თუ საერთაშორისო ასპარეზზე თავისუფლების, ტოლერანტობის, თანხმობისა და მშვიდობის ფასეულობათა დამკვიდრების საქმეში შეგაქვთ", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

კომენტარები