ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

"შევიყვაროთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან" - მალხაზ სონღულაშვილის ქადაგება 17 მაისზე

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულშვილმა ტაძარში ლოცვა აღავლინა, ქადაგებისას კი 17 მაისზე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეზე ისაუბრა.

სონღულაშვილმა თქვა:

"იესოს თავისი მოწაფეებისთვის არ დაუწესებია არავითარი განმასხვავებელი ნიშანი, გარდა ერთისა: უყვარდეთ ერთმანეთი, უყვარდეთ ყველა ისე, როგორ იესომ შეიყვარა ისინი. ამით იესომ ქრისტიანის მოვალეობა გახადა სიყვარული. სიყვარული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქრისტიანს უნდა შეეძლოს, მიიღოს ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის, განკითხვის, განსჯის, დამცირების გარეშე. ეს რომ ადვილი არ იყო და არ არის, ამას ქრისტიანობის მთელი ისტორია მოწმობს, წარსული და ვწუხვარ, რომ ვთქვა, აწმყოც.

ორიოდ დღეში ჩვენ გავიხსენებთ 17 მაისს, გავიხსენებთ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. მაგრამ ის, რასაც ჩვენ საქართველოში გავიხსენებთ, იქნება 2013 წლის 17 მაისის ამბები. ქვეყანაში, რომელიც ამაყობს თავისი 2000-წლიანი ქრისტიანული ისტორიით, ქვეყანაში, რომელიც ამაყობს იმით, რომ არის ერთ-ერთი პირველი კულტურა, რომელიც ქრისტიანობას ეზიარა. ქვეყანაში, რომელიც იმედოვნებს, რომ ის იქნება ქრისტიანობის ვარსკვლავი მომავლისთვის, ადამიანს სცემეს, დაამცირეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, დაედევნენ ქრისტეს სახელით, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი განსხვავებულები არიან.

იესოს არასდროს განუკიცხავს განსხვავებული. თუ ვინმე განუკიცხავს, ესენი არინ რელიგიური ადამიანები. თუ იესო ოდესმე ვინმეზე განრისხებულა, განრისხებულა სწორედ რელიგიური ესტბლიშმენტის წინააღმდეგ. იესო თავად იყო სიყვარულის და მიმღებლობის ნიშანი.

მიუხედავად მისი პირადი მაგალითებისა, მიუხედავად იესოს მახარობლების მცდელობისა, ჩვენთვის მისი სულისკვეთება გადმოეცათ, ჩვენ ეს დღემდე ვერ ვისწავლეთ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვნელი თავის ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, რის გამოც ჩვენ ცარიელ ტაძარში გვიწევს ლოცვა, მატულობს სიძულვილი, მატულობს ანტისემიტიზმი, ჰომოფობია, ისლამოფობია. ადამიანი ეძებს განტევების ვაცს, ეძებს იმას, ვისაც დააბრალებს იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება. არადა, პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა.

მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, კორონვირუსის დროს ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვართ ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებული. თუ იესოს მოძღვრებას ფასი აქვს, თუ მის სიტყვებს ფასი აქვს, ყოველთვის უნდა შევძლოთ, მივიღოთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის. შევიყვაროთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის. თავმდაბლობა და თანადგომა გამოვხატოთ ადამიანის მიმართ. ეს არის გზა, რომელიც იესომ დაგვიტოვა, ეს არის გზა, რის საქადაგებლადაც ცხოვრებას აქვს საზრისი".

2013 წლის 17 მაისს ლგბტქ+ აქტივისტებმა პარლამენტთან მცირერიცხოვანი აქცია დაგეგმეს. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა და მრევლმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა აქცია ძალადობრივად დაშალა.

ამის შემდეგ, 2014 წლიდან საქართველოს საპტრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.

ლგბტქ+ ადამიანები სიძულვილის ჯგუფების, ჰომოფობთა და ტრანსფობთა მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისგან მუდმივი ძალადობის ობიექტები არიან. მათ არ ეძლევათ საშუალება, მშვიდად, ფიზიკური საფრთხის გარეშე აღნიშნონ 17 მაისი, ხელისუფლება კი მათ უფლებებს სათანადოდ არ იცავს.

კომენტარები