ტერორიზმი

პოლიციამ გერმანულ გამოცემაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავა

EPA

გერმანულ გამოცემა Hamburger Morgenpost-ს თავს დაესხნენ. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. თავდამსხმელებმა შენობას ქვები ესროლეს და გამოცემის არქივში რამდენიმე ფაილი გაანადგურეს. Hamburger Morgenpost-ს აცხადებენ, რომ მათ თავს Charlie Hebdo-ს თანადგომისთვის დაბეჭდილი კარიკატურების გამო დაესხნენ.

Associated Press-ის ინფორმაციით, გერმანიის პოლიციამ რედაქციასთან ახლოს უკვე დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი. პოლიცია არ გასცემს დამატებით დეტალებს დაკავებულების შესახებ და აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება.

ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს კარიკატურები სოლიდარობის ნიშნად, სხვა ადგილობრივმა გერმანულმა გაზეთებმაც დაბეჭდეს. ისინი პოლიციის დაცვით სარგებლობენ.

ცნობისთვის,  7 იანვარს, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ტერაქტი ძმებმა კუაშებმა განახორციელეს.  ისინი ქალაქ დამატენ ან გუიელში სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი.

პარალელურად, შეიარაღებულმა პირმა ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება. დაიღუპა სულ მცირე 4 მძევალი.

კომენტარები