ტერაქტი პარიზში

ალ-ყაიდა: თავდასხმა გაკვეთილია, რომ გამოხატვის თავისუფლებას საზღვარი აქვს

გამოცემა ალ ჯაზირას ინფორმაციით, ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, იემენურმა ალ-ყაიდამ აიღო. დაჯგუფების წევრები ამბობენ, რომ თავდასხმა გაკვეთილია საფრანგეთისთვის, რომ გამოხატვის თავისუფლებას საზღვარი აქვს.

ალ-ყაიდას წარმომადგენელმა, აბუ ჰარეთ ალ-ნეზარმა აუდიოჩანაწერი გაავრცელა: "ზოგიერთი ფრანგი არ იყო ზრდილობიანი ჩვენს წინასწარმეტყველთა მიმართ და ეს იყო მიზეზი, რომ ჩვენი მორწმუნეები, ვისაც უყვარს ალაჰი, წავიდნენ სასწავლებლად, თუ როგორ მოექცნენ ჩვენს წინასწარმეტყველებს. იმის სასწავლებლად, რომ გამოხატვის თავისუფლებას საზღვრები აქვს".

საფრანგეთში კი, პოლიცია პარიზში მოკლული ტერორისტების თანამზრახველებს ეძებს. მთავარი ფიგურა ჰაიატ ბუმედინია, რომელმაც პარიზში აჰმედ კულიბალისთან ერთად ქოშერულ მაღაზიაში მძევლები აიყვანა, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა. მას პოლიციელები აღწერენ, როგორც შეიარაღებულსა და საშიშს. საფრანგეთის პოლიციამ გუშინ ანტიტერორისტული ოპერაცია ორ ადგილას ჩაატარა. ერთი ხსენებულ ქოშერულ მაღაზიასა და მეორე ჟურნალ შარლი ებდოს თავდასხმაში მონაწილე ძმებ კუაშების წინააღმდეგ, რომელთაც პარიზის ჩრდილოეთით საწყობში ასევე მძევლები ჰყავდათ აყვანილი. აღსანიშნავია, რომ აჰმედ კულიბალი ძმებ კუაშების გათავისუფლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ოპერაციების შედეგად სამივე მამაკაცი მოკლეს. დაიღუპნენ მძევლებიც. ჯამში, 3 დღის განმავლობაში ტერორისტებმა 17 ადამიანი მოკლეს.

გუშინ საღამოსვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან პოლიციელებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, ისინი გააფრთხილა შესაძლო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. პარიზში მომხდარი ტერაქტები კი "ერის ტრაგედიად“ შეაფასა. მისი თქმით, ერთიანობა საუკეთესო იარაღია.

კვირას, პარიზში სოლიდარობის მარში გაიმართება, რომელსაც ევროპელი ლიდერები დაესწრებიან.

პირველი ტერორისტული აქტი ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე 7 იანვარს მოხდა. ძმებმა კუაშებმა 12 ადამიანი მოკლეს. ისინი ისლამისტურ შეძახილებს გაჰყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა

კომენტარები