უკრაინის ეკონომიკა

უკრაინა შესაძლოა დეფოლტის რისკის წინაშე დადგეს

Getty Images

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, უკრაინას წელს შესაძლო დეფოლტი ელის. გასულ კვირაში უკრაინული ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ამასთან ერთად, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი გასული წლის მანძილზე 33%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ -6% შეადგინა. 

The Financial Times-ის ცნობით, გრივნის გაუფასურებისა და ქვეყანაში არსებული რეცესიის ფონზე უკრაინის საგარეო ვალმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შესაძლოა 90%-ს გადააჭარბოს, რაც საერთაშორისო მონეტარული ფონდის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მიუღებელია. უკრაინას მომავალ წელს დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით $15 მილიარდი ესაჭიროება, რისთვისაც უმსხვილესმა დონორმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მას ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინონ. 

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის სავალუტო რეზერვების მოცულობა 10 მილიარდ დოლარზე ქვევით დავიდა, რაც მეტწილად არასტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ, ომმა და გრივნის კრიზისმა გამოიწვია. გრივნა გასულ წელს 48%-ით გაუფასურდა, ერთი აშშ დოლარი 2014 წლის დასაწყისში 8 უკრაინული გრივნა ღირდა, ხოლო დღეისათვის ერთი აშშ დოლარი 15,7 გრივნა ღირს.

უკრაინის დეფოლტის რისკი Standard & Poor's-ის რეიტინგითაც არის გაზრდილი, გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ უკრაინის ფინანსური რეიტინგი გასულ წელს სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეამცირა. ანდრეი ილარიონოვის შეფასებით, უკრაინის დეფოლტის აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ქვეყნის მთავრობამ ხარჯვა სასწრაფოდ უნდა შეამციროს, რათა გაზრდილი ხარჯვით გრივნის შემდგომ გაუფასურებას არ შეუწყოს ხელი.

 

კომენტარები