გაეროს უშიშროების საბჭო

პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდამჭერ პოზიციას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს 22 დეკემბრის სხდომაზე გამოხატულ მხარდამჭერ პოზიციას მიესალმება. გიორგი მარგველაშვილი სპეციალურ განცხადებაში წერს, რომ მოცემულ რეალობაში ის მხარდაჭერა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გამოხატავენ, უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისე საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის მიმართ.

"იმ რთულ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%, ასეულ ათასობით მოქალაქე ქცეულია ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად, საქართველო აწარმოებს კონსტრუქციულ, მშვიდობიან და რაციონალურ პოლიტიკას. ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ მაინც გადადგა ნაბიჯები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიისაკენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონის უსაფრთხოების გარემოს.

მოცემულ რეალობაში უაღრესად მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გამოხატავენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისე საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის მიმართ",-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. გაეროში საქართველოს ელჩის, კახა იმნაძის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა დააფიქსირეს, რომ ე.წ. შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტის და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევაა და რეგიონულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. 

 

კომენტარები