აქცია თავდაცვის სამინისტროსთან

თავდაცვის სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

mod.gov.ge

თავდაცვის სამინისტროსთან დღეს 16:00-საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური პოზიცია უკრაინაში მებრძოლ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესებისთვის სამარცხვინო და საფრთხის შემცველია.

"მსგავსი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კი ნათლად მიუთითებს უწყების პოლიტიზირებულობაზე, რომელიც ალექსანდრეს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს.აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდზე მთელი დღის განმავლობაში მიზანმიმართულად იშლება განცხადების მიმართ უარყოფით კომენტარები" - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მონაწილეები თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის გადადგომასა და უწყების მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო შაბათს 20 დეკემბერს უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალებას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს".

ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. ეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებს შორის პირველი მსხვერპლია.

კომენტარები