რუსეთის ეკონომიკა

ნავთობზე ფასის $61-მდე შემცირების გამო რუსულმა რუბლმა ახალ მინიმუმს მიაღწია

რუსული რუბლის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით დღეს კიდევ ერთ მინიმუმს მიაღწია. ერთი აშშ დოლარი 58 რუბლზე მეტი ღირს.

რუსული რუბლის გაუფასურება ნავთობზე ფასის ხუთი წლის მინიმუმამდე შემცირებას უკავშირდება. დღეის მონაცემებით, ნედლი ნავთობის (Brent crude) ფასი ერთ ბარელზე $61-ს შეადგენს, რაც გასული ხუთი წლის მინიმალურ ფასს წარმოადგენს.

OPEC-ის გადაწყვეტილებით, ნავთობზე ფასების შემცირების მიუხედავად, ნავთობმომპოვებელი ქვეყნები მოპოვებას არ შეამცირებენ. ეს მსოფლიოში ნავთობის ფასების მომავალ კლებას შეუწყობს ხელს. 

რუსეთის ეკონომიკური ზრდის მინისტრმა ალექსეი ულუკაევმა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე ფოტო წარწერით "ჩვენ არ ჩამოვიქცევით" (мы не рухнем!) ატვირთა.

ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავლები რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. რუსეთის ბიუჯეტით წელს ნავთობის ფასი $96 იყო განსაზღვრული, ხოლო მასზე დაბალი ფასი რუსეთის ბიუჯეტს პრობლემებს უქმნის.

2014 წლის სექტემბრის მონაცემებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები $454 მილიარდს შეადგენდა, სანქციების დაწესების შემდეგ ქვეყნის რეზერვები დაახლოებით 10%-ით შემცირდა, თუმცა ცენტრალური ბანკის ინტერვენციის მიუხედავად გაცვლითი კურსი კლებას განაგრძობს.

Bloomberg-ის ცნობით ბაზარზე ნავთობის ჭარბი რაოდენობით მიწოდება და შესაბამისად მასზე ფასების კლება 2015 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება, როდესაც სავარაუდოდ ნავთობზე ახალი მინიმალური ფასი უნდა დაფიქსირდეს.  

ნავთობის ფასის შემცირებას უარყოფითი გავლენა OPEC-ის ზოგიერთ წევრ ქვეყანაზეც აქვს, მათ შორის დაზარალდებიან ირანი, ერაყი და ვენესუელა.

კომენტარები