რუსეთის ეკონომიკა

გილაური: არცერთი გამოსავალი არ იძლევა რუსეთის ეკონომიკის არჩამოშლის გარანტიას

government.gov.ge

საქართველოს ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის თქმით, მან ბოლო დღეებში რუსეთის ეკონომიკის ანალიზი გააკეთა, რის მოკლე მიმოხილვასაც Facebook-ზე აქვეყნებს. მისი განცხადებით, რუსეთის ეკონომიკას სამი ძლიერი მხარე აქვს - რეზერვები 370 მილიარდი დოლარი, დადებითი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი (34 მილიარდი დოლარი 2013 წელს და 40 მილიარდი დოლარი 2014 წლის პირველ ორ კვარტალში) და შედარებით დაბალი საგარეო ვალი (ჯამში 35%). თუმცა, გილაურის შეფასებით, ამის მიუხედავად, მომდევნო 12 თვეში რუსეთი სავარაუდოდ დეფოლტის წინაშე დადგება და მნიშვნელოვნად მოუწევს ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა.

"მიზეზები - 370 მილიარდი რეზერვებიდან 120 მილიარდი განთავსებულია სპეციალურ ფონდებში, საიდანაც თანხების ნაწილი გრძელვადიან ინვესტიციებშია ჩადებული და რეალური ფულადი რეზერვი არა 370, არამედ დაახლოებით 280 მილიარდ დოლარამდეა. რუსულ სახელმწიფო კომპანიებს შემდეგი 13 თვის განმავლობაში გასასტუმრებელი აქვთ 130 მილიარდი დოლარის სესხი (ბევრად მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს), აქედან 30 მილიარდი ამ წლის დეკემბერში. ამ კომპანიების რეფინანსირების წყაროები შეზღუდულია სანქციების გამო და თუ ისინი ამ ვალებს გადაიხდიან, დიდი ნაწილი სწორედ რეზერვებს მოაკლდება (კომპანია “როსნეფტმა” უკვე სთხოვა სახელმწიფოს 54 მილარდი დოლარის გამოყოფა). რუბლის გაუფასურების პირობებში საგარეო ვალის გადახდა კიდევ უფრო უჭირთ კომპანიებს. რუსეთიდან მომავალ წელს კაპიტალის გადინება ნავარაუდებია მინიმუმ 85 მილიარდი დოლარის ოდენობით (წელს 125 მილიარდი დოლარი გაედინა ჯამში). ხოლო ნავთობის ფასის 60 დოლარამდე ვარდნის გამო რუსეთის მიმდინარე ანგარიში არა მხოლოდ ნულდება, არამედ 40-50 მილიარდის დეფიციტში გადის (გააჩნია ნავთობის ფასის საშუალო დონეს 2015-ში), ესეც იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტი შეიზღუდება და კურსის გაუფასურების გამო არანავთობპროდუქტების ექსპორტი გაიზრდება", - წერს გილაური და აღნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტი ბალანსდება 101-დოლარიანი ნავთობის ფასის პირობებში.

"60-დოლარიანი ნავთობის პირობებში ბიუჯეტის შევსება ასევე სარეზერვო ფონდიდან უნდა მოხდეს დაახლოებით 120-130 მილიარდის ოდენობით. რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტის 50% ენერგომატარებლების გაყიდვით ივსება და შემოსავალი 2015 წელს ამ რესურსიდან სავარაუდოდ 40%-ით მაინც შემცირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეძლებს ნავთობის წარმოების არსებული დონის - ყოველდღიურად 10.5 მილიონი ბარელის შენარჩუნებას. თან რუბლის გაუფასურების პირობებში აუცილებლად იქნება სოციალური ზეწოლა პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით. კურსის ვარდნა (1 დოლარი 28 რუბლიდან 56 რუბლამდე ავიდა) აუცილებალად გამოიწვევს სახელმწიფო ბანკების გადაუხდელი სესხების ზრდას კრედიტების დოლარიზაციის გამო, რომლებიც ასევე სახელმწიფოს მოთხოვენ კაპიტალის შევსებას. წინა წლების კრიზისის დროს ბანკების დაახლოებით ასეთივე პრობლემა რუსეთის რეზერვებს 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. რუსული 10 წლიანი ევრობონდის ფასი 12.5%-ზე მაღალია. მაგალითისთვის საბერძნეთის 10-წლიანი ევრობონდი 17%-ში ივაჭრებოდა ეკონომიკის ყველაზე მძიმე ვარდნის დროს, მაშინ როდესაც საბერძნეთის საგარეო ვალი 120%-ზე მაღალი იყო. ანუ მიუხედავად დაბალი სესხის დონის, რუსეთს ნებისმიერი ახალი ვალის აღება (თუნდაც ჩინეთისგან, რომელიც სანქციებს არ მიუერთდა) მაინც ძალიან ძვირი დაუჯდება. ისეთი ეკონომიკისთვის, როგორიც რუსეთია, 12.5%-იანი ევრობონდის ფასი დეფოლტთან ახლოს ყოფნას ნიშნავს. და ბოლოს, გათვლებით ჩანს, რომ რუსეთის ეკონომიკა მომავალ წელს მინიმუმ 3%-ით შემცირდება (ოფიციალურად - 0.8%-ია გამოცხადებული), პირველი კვარტალი დაახლოებით -4% იქნება. ამას თან ემატება 9-10-%-იანი ინფლაცია, რასაც ქვეყანა შემდეგი 2 წლის მანძილზე სტაგნაციაში შეყავს", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერი და აღნიშნავს, რომ საგარეო ვალის გადახდის, ბიუჯეტის შევსების, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის და კაპიტალის გადინების ჯამური უარყოფითი ეფექტი მომავალი 1 წლის განმავლობაში უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის რეზერვები.

"გამოსავალი ორია - ან რუსეთმა დეფოლტი უნდა გამოაცხადოს არსებულ საგარეო ვალდებულებებზე და თქვას, რომ ამას აკეთებს სანქციების საპასუხოდ, თუმცა ყველას ეცოდინება, რომ უბრალოდ თანხები არ აქვს, ან უნდა მოახდინოს ჩინური კაპიტალის შემოყვანა - მათზე სახელმწიფო კომპანიების აქციების მიყიდვის სახით, რადგან სანქციების გამო დასავლური კომპანიები ალბათ ვერ იყიდიან და სხვას მაგ ოდენობის ფული არ ექნება. თუმცა არცერთი გამოსავალი არ იძლევა რუსეთის ეკონომიკის არჩამოშლის გარანტიას - ორივე ერთად თუ შესრულდა, ეკონომიკა შეიძლება ახლოს იყოს დასტაბილურებასთან", - წერს ნიკა გილაური.

კომენტარები