ოქროს გლობუსი 2014

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ოქროს გლობუსზეა ნომინირებული

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ოქროს გლობუსზეა ნომინირებული.

"მანდარინები" ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ევრიმაჟის დახმარებით შეიქმნა. დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო და ოქროს გლობუსსა და ოსკარებზე მისი ნომინირების უფლებაც თავად დაიტოვა. ზაზა ურუშაძის ქართულენოვანი ნამუშევარი აფხაზეთის ომის დროს, ერთ-ერთ სოფელში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, სადაც ერთ ჭერქვეშ ომის ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი აღმოჩნდება. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში "მანდარინების" მთავარი კონკურენტები პაველ პავლიკოვსკის ნამუშევარი "იდა" და ანდრეი ზვიაგანცევის "ლევიათანი" იქნება.

ყველაზე მეტი, 7 ნომინაცია მოიპოვა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმმა "ადამიანი ჩიტი". ნამუშევარი საუკეთესო კომედია ან მიუზიკლის, რეჟისორის, მსახიობი მამაკაცის, ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის, სცენარისა და მუსიკისთვისაა ნომინირებული.

რიჩარდ ლინკლეიტერის ნამუშევარს "ბავშვობა" და მორტენ ტილდუმის ფილმს "თამაშის იმიტაცია" 5-5 ნომინაცია აქვთ და სწორედ ეს ფილმები იქნებიან ჯერ ოქროს გლობუსის, შემდეგ კი ოსკარების მთავარი ფავორიტები.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს კანდიდატების სია შთამბეჭდავად გამოიყურება. წელს ამ ნომინაციაში ოქროს გლობუსისთვის დევიდ ფინჩერი, უეს ანდერსონი, რიჩარდ ლინკლეიტერი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ და ავა დუვერნეი იბრძოლებენ.

საუკეთესო დრამა სერიალის ნომინაციაში მთავარი ფავორიტები "ბანქოს სახლი" და "სატახტო თამაშები" იქნება. მინისერიალების ნომინაციების მთავარი ფავორიტი კი "ნამდვილი დეტექტივი" იქნება.

ოქროს გლობუსის დაჯილდოება 11 იანვარს გაიმართება და მისი წამყვანები კვლავაც თინა ფეი და ემი პოელერი იქნებიან.

კომენტარები