პრემიერმინისტრი

პრემიერი: რეფორმები სახელმწიფოს ექსკლუზივია, ყოფილ მაღალჩინოსნებს არ ეკუთვნით

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების დანიშვნის საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო და უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ყოფილი ხელსუფლების წევრები საქართველოში განხორციელებული რეფორმების საკუთარ, და არა სახელმწიფოს დამსახურებად წარმოჩენას ცდილობენ.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში საქართველოდან რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი შედგა და ქართულმა მხარემ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებაც აღმოუჩინა.

„ჩვენ გავუგზავნეთ მათ ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები და სხვადასხვა ტანსაცმელი და სხვა, ასე რომ, ჩვენ უკრაინელებს მაქსიმალურად დავუდექით გვერდით. ჩვენ მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება, ეს იქნება იუსტიციის სფეროში, ფინანსთა სამინისტროს სფეროში თუ სხვა, ჩვენ ასევე მივიღეთ დელეგაციები უკრაინიდან. მე მქონდა საუბარი უკრაინის პრემიერმინისტრთან, ასევე პრეზიდენტთან და მათ კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩვენ ვართ მზად გავაგზავნოთ უკრაინაში სხვადასხვა უწყებებიდან დელეგაციები, ჯგუფები, რათა ადგილზე აღმოვუჩინოთ დახმარება იმ რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში, რომელიც მათ აქვთ დაგეგმილი. ის, რაც ეკუთვნის სახელმწიფოს, ეს არის სახელმწიფოს ექსკლუზივი და არ ეკუთვნის არცერთ ყოფილ მაღალჩინოსანს. ამიტომ ისინი მეტი პასუხისმგებლობით უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, როდესაც მიდიან იქ და თვითონ იჩემებენ ამ გაკეთებულ საქმეებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს უკრაინაში, ღარიბაშვილის ინფორმაციით, ეს იანვარში ან თებერვალში იგეგმება, მანამდე კი უკრაინაში საქართველოდან რამდენიმე მინისტრის ჩასვლაა დაგეგმილი.

კომენტარები