აპატურაის ვიზიტი საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

"საქართველოს მთავრობა ძალიან აფასებს NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, ჯეიმს აპატურაისთან სამუშაო სადილზე განაცხადა. გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO აღნიშნულ ხელშეკრულებას არ აღიარებს და ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერის განმარტებით, ე.წ. შეთანხმება ოკუპირებული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს და მთავრობა შეშფოთებულია, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციულ მიდგომებს დესტრუქციული ქმედებებით პასუხობს.

"შეხვედრისას საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ პროცესის მენეჯმენტის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეიქმნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ NATO-საქართველოს ურთერთობებში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ISAF-ისა და ავღანეთის "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიებში. პრემიერმინისტრმა 2015 წლისთვის ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები