ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი აქციის პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეები და პედაგოგები ე.წ შაბათობაში მონაწილეობის მისაღებად დაიბარეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, 15 ნოემბერი ყველა მუნიციპალიტეტში დასუფთავების დღედ გამოცხადდა. მისი თქმით, “შაბათობებს” მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მსურველი ადამიანები გააკონტროლონ.
“საბავშვო ბაღებში სანიტარული ღონისძიების ჩასატარებლად დაიბარეს თანამშრომლები. გარდაბანში კი, ორიდან ოთხ საათამდე მარათონს აწყობენ და გზას კეტავენ, რომ ქალაქიდან მანქანები ვერ გამოვიდნენ”, - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ამასთან, უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ facebook-ში გაავრცელა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება, რომლითაც გამგებელი შსს-ს სპორტული მარათონის გამართვის შესახებ აწვდის ინფორმაციას. ხაჩიძემვე წალენჯიხის სასპორტო ცენტრის მთავარი სპეციალისტის გიორგი გაბელიას განცხადება გაავრცელა, სადაც გაბელია ცენტრის დირექტორს უხსნის, რომ 15 ნოემბრის აქციის გამო ვერ მიიღებს დასუფთავების აქციაში მონაწიელობას.

ფოტო: Goga Khachidze/facebook.com





