პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა

კობახიძე: პრეზიდენტთან სადებატო პარლამენტს არ შეიძლება რამე ჰქონოდა

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მობრძანდა და ისარგებლა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით". მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილმა მიმართვისას ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა.

"რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელსაც შეიძლება ბოლომდე არ ვიზიარებდეთ, მაგრამ ძირითადი მაინც არის ის თემები, რომელზეც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ერთიანი მოსაზრება იმასთან მიმართებით, რომ ინსტიტუტები უნდა იყოს ძლიერი, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გაკეთებული იმ ვალდებულებებზე, რომელიც ქვეყანას აღებული აქვს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და ევროატლანტიკური კურსის უცვლელობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამაში ჩვენ ნამდვილად ვართ ერთიანი, ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის არჩევანი. დანარჩენი ის თემებია, რომელზეც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ, დისკუსიის რეჟიმში, დებატების რეჟიმში თუ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების რეჟიმში", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტს პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს.

"ეს იყო ფორმატი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით ბიუროზე. რეგლამენტში კონკრეტულად გაწერილი არ იყო, რა პროცედურით უნდა მომხდარიყო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტთან სადებატო პარლამენტს არ შეიძლება რამე ჰქონოდა, იმიტომ, რომ პრეზიდენტი სრულად დისტანცირებულია დღეს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და ის არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ამიტომ, დებატი პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ არ მგონია იყოს სწორი, რადგან შეიძლება აქ იყოს ბევრი საკითხი აქცენტირებული, რომელზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებთან ერთად შეიძლება ვიდებატოთ, მაგრამ არ ამ ფორმატში, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მობრძანება და ამ მომართვის შემდეგ ასეთი დისკუსიის გაგრძელება", - თქვა კობახიძემ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მიმართა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი საქართველოს პარლამენტის როლსა და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს დასავლური კურსი ეჭვქვეშ სამი მინისტრის გადადგომის გამო დადგა, რადგან ისინი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაშია, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში გაურკვეველი იყო, ვის ემსახურება ინსტიტუტები - სახელმწიფოს თუ საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, ასევე გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების კორუფციაში დადანაშაულებას შეეხო და განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა დაიცვას მინისტრები და მთავრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეშინებულ და დაუცველ სისტემას მივიღებთ.

გიორგი მარგველაშვილმა ძალოვან სტრუქტრებში რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა და პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის შეუსრულებელი დაპირება შეახსენა

პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის გაუმჯობესებას ის პრეზიდენტისგან ელოდება, რადგან ამის უზრუნველყოფა კონსტიტუციით ქვეყნის პირველ პირს აკისრია.

უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დებატების არარსებობის გამო სესიის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომენტარები