კრიზისი უკრაინაში

ტოიბერგ-ფრანცენი: მინსკის შეთანხმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გამართა. საბჭოს წევრებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანა დაგმეს. შეერთებული შტატების წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არღვევს. მისი თქმით, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ სეპარატისტები ცეცხლს შეწყვეტენ და ქვეყნებს შორის საზღვარი ჩაიკეტება. რუსეთის წარმომადგენელმა თავის მხრივ უკრაინაში დამატებითი ჯარების შეყვანის ფაქტი უარყო და ცნობებს ამის შესახებ პროპაგანდა უწოდა. შეშფოთება შექმნილი მდგომარეობით გაეროს გენერალურ მდივნის მოადგილემ გამოთქვა.

"მინსკის შეთანხმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ღრმად შეშფოთებულები ვართ სრულფასოვანი საბრძოლო მოქმედებების განახლების საშიშროებით. გარდა ამისა, კონფლიქტი შეიძლება ამგვარად მიმდინარეობდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, პერიოდული აფეთქებებით და შემდგომი მსხვერპლით. ეს სცენარი უკრაინისთვის კატასტროფა იქნება, შესაძლოა მრავალი წლის ან ათწლეულის განმავლობაში გაყინული კონფლიქტი მივიღოთ. ერთადერთი ალტერნატივა ისაა, რომ ყველა უკრაინელი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას სტაბილურ, უსაფრთხო, სუვერენულ და მთლიან უკრაინაში. ამ შედეგის მიღწევაზე  პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებაზე ხელმომწერ ყველ მხარეს ეკისრება", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ანდერს ტოიბერგ-ფრანცენმა.

უკრაინაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო დღეებში ალიანსმა მიიღო ინფორმაცია რუსეთიდან უკრაინაში დიდი რაოდენობით სამხედრო კოლონების შესვლის შესახებ. მან რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ და მინსკში მიღწეული შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდა. 

კომენტარები