კრიზისი კოალიციაში

ზალკალიანი: გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, "ვიყავი, დღეიდან ისევ ვარ და მომავალშიც ვიქნები თავისუფალი დემოკრატების გვერდით". ამის შესახებ ზალკალიანმა დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღონიამ და ლევან მიქელაძემ თანამდებობები დატოვეს. დავით ზალკალიანის თქმით, "ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს არ არის უბრალო ხელმოწერა. იქ არის ჩემი გული და რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი". ზალკალიანმა აღნიშნა, რომ "ჩემი დღევანდელი არჩევანი არის შესაბამისობაში ჩემს სამსახურთან და ღირებულებებთან". 

"მივიღეთ გადაწყვეტილება და მე გადავწყვიტე, რომ გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან და დავდგე ჩემი მეგობრებისა და თანამებრძოლების გვერდით. იმ გუნდის გვერდით, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა, ადამიანი და მისი უფლებებია. ვისთვისაც უმთავრესია ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება  და  ევროატლანტიკური არჩევანი. ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდა ეს გუნდი. ამ ერთობას საფუძველი ჩაუყარა ჩვენმა უფროსმა მეგობარმა, ქვეყნის გულმხურალე პატრიოტმა, ბრწყინვალე დიპლომატმა და კარგმა ადამიანმა ლევან მიქელაძემ. სიმბოლურია, რომ დღეს 7 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მან პროტესტი გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო და გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ის გვერდში დაუდგა ირაკლი ალასანიას და მასთან ერთად დააფუძნა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური გუნდი. მათ გვერდში დავუდექით დიპლომატები და არა მხოლოდ - ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე და სხვები. არავითარ შემთხვევაში პარალელს არ ვავლებ 2007 წლის 7 ნოემბერთან, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს სხვა რეალობის წინაშე დავდექით. გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით. არ მაქვს მორალური უფლება, დღეს სხვაგვარად მოვიქცე. არასდროს ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია. მე ვარ კარიერული დიპლომატი. ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი, 22 წელი ვემსახურე ამ სამსახურს და მივუძღვენი ყველაფერი. არცერთ წუთს არ გადამიდგამს გაუაზრებელი ნაბიჯი. არც 2009 წელს, როდესაც ელჩობიდან გადავდექი. 2012 წლის 1 ოქტომბერს, როცა კვლავ დავბრუნდი დიპლომატიურ სამსახურში, დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარასდროს მომიწევდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. 2 წელი ჩემს მეგობრებთან ერთად ერთგულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას. ასევე, თავისუფალი დემოკრატები, რომლებიც 2 წელი ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს არ არის უბრალო ხელმოწერა. იქ არის ჩემი გული და რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი. ჩემი დღევანდელი არჩევანი არის შესაბამისობაში ჩემს სამსახურთან და ღირებულებებთან.  მე არსად არ მივდივარ, არ გემშვიდობებით. ისევ აქ ვარ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად", - განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები